დამატებულია კალათაში მარაგში არ არის საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

ბლოგი

ესსე "გზა სარკიდან უსასრულობამდე" - ლალი მჭედელიძე

ესსე "გზა სარკიდან უსასრულობამდე" - ლალი მჭედელიძე

ქალბატონი ლალი მჭედლიძის გამარჯვებული საკონკურსო ნაშრომი, რომელიც მონაწილეობდა პარტნიორი ორგანიზაციის, ჯირსას და ინჰუას აკადემიის ესსეების ერთობლივ კონკურსში: "შორეული აღმოსავლეთი: ჩინეთი, იაპონია, კორეა."

ესსე არ ასახვას ინჰუას აკადემიის პოზიციას, შინაარსს, გამოქვეყნებულია ინჰუას აკადემიის რედაქტირების გარეშე, ორიგინალი სახით. 

 

   ვფიქრობ ცისარტყელაზე, როგორც ჩემი ცნობიერების ინფორმატიკულ ველზე და ველოდები შემოღამებას, რომ შევმარტოვდე საკუთარ სულში, სადაც სასიზმრეთი იდუმალებით სავსე, ლაბირინთოვანი გზით მიმიყვანს და დამტოვებს მარტოს, იმაზე მარტოს, ვიდრე ჭალაში მდგარ ერთადერთ ზითისხილის ხეს...
   რაღაცნაირად, ვგავართ ერთმანეთს ადამიანები, თანაც, სულ სხვადასხვა ქვეყანაში დაბადებულები, მაგრამ ზოგჯერ, გონებისა და მეხსიერების ერთნაირი ხვეულებით... და ვდუმვართ, ან, ვხმაურობთ მსგავსად, გატოლებული სიხშირითა და ტალღების ერთდროული ამოქაფებით...
   სარკმელი ღიაა და მიწყნარებულ ცის თაღზე, მთვარე კონწიალობს, ადგილს ვერ მოერგო ეტყობა და მიგვიანებს საბაბს, რომ ჩემს საძინებელს მივაშურო. საწერ მაგიდაზე სტუდენტობისდროინდელ დღიურს შევავლე თვალი და მყისიერი მოულოდნელობით, თითქმის სულერთიად, გადავშალე და შემომეკითხა თარიშვილის სტრიქონი:
    ,,ცაში ოთახი განათდება იაპონურად,
    ბედნიერებას მომილოცავთ უცხო კილოზე,
    მრავალ წერილებს გამაყოლებთ გზის საპოვნელად,
    მრავალ მოკითხვას დავუხვდები, ვით მკვდარ მიმოზებს,“ (ნ.თარიშვლი)
ბოლოდან თავისკენ დავიძარი და - ,,ვიცი, რომ მზითვად არ მომცემენ ,,ვეფხისტყაოსანს’’... ღმერთო, რა ტკივილია! შემეშინდა ურუსთაველოდ დარჩენილს! შეცბუნებული დავიძარი საწოლი ოთახისკენ და თავს შევახსენე: 
    ,,რომელმან შექმნა სამყარო, ძალითა მით ძლიერითა...“
ეს იყო და უეცარმა დაღლილობამ, თვალთახედვაში, მხოლოდ ოთახის, ვენერას ტანსხეულიანი, მოჩუქურთმებული სარკე შემომატოვა...
    სარკეებიან უსასრულობაში გადავაბიჯე და ყველა სარკიდან იაიოი კუსამას დაკოპლილი გეომეტრიული ფიგურები მიღიმოდნენ... ყველაფერი ბევრი, ძალიან ბევრი, არა - უფრო ბევრი და ნიჭიერებამდე ლამაზი იყო!
    ალბათ, ბურატინოს, ოქროს გასაღების პოვნა იმისთვის ენდომებოდა, რომ ახლა ჩემს გვერდით ყოფილიყო, ან ჩემს მაგივრად და საკუთარი თავის შეცნობის გზა, კუსამას ფიგურებს მიღმა მოეძებნა!...
    სარკეები ზოგჯერ წყლისფერობდნენ და თავიდან ინთებოდნენ, ოღონდ, ჩემის სხეულის მოძრაობებით ხან ჩემი ღიმილებითა და თმების ჰაეროვანი შერხევით. იქაც, იქაც ვიპრანჭები!...
    ხელი დამიმძმიმდა და ძლივს მივხვდი,  რომ ხელში ,,ვეხფხისტყაოსანი’’ მეჭირა.
საოცრებავ! აქ რისთვის მოვხვდი ნეტა?! - ჰო - კა -ი -დო! - ექოსავით გაისმა ჩემი საკუთარი ხმა და გამახსენდა, ერთი გოგონას მოძებნა მინდოდა!... ზუსტად არ ვიცი, რას ვეტყოდი, მაგრამ მის ჭკვიან თვალებში ჩახედვა მსურდა! არ ვიცი, რა ერქვა, არც ახლა ვიცი, მაგრამ გათენებამდე იქნებ ვიპოვო, რომ ჩემი წიგნი ვაჩუქო...
    შარშან წავიკითხე სადღაც, ალბათ, სოციალურ ქსელში, რომ კუნძულ ჰოკაიდოზე, კამი-შირატაკის სადგურზე, 2016 წლის მარტამდე, დადიოდა მატარებელი ერთადერთი გოგონას გამო, რომელიც მიჰყავდა სკოლაში. გოგონამ დაამთავრა სკოლა და  მოიხსნა რეისი, რადგან სხვა მგზავრი არ ჰყავდა...
    შვიდი წელია გასული! როგორ ვიპოვი?! ან რა საჭირო იქნება ჩვენი, ორი გაუგებრობის შეხვედრა?! ეს, იმ აკვიატებულ ახირებას მაგონებს, 2006 წელს, ათენში რომ მოვისმინე: აკროპოლისზე ხარაჩოები შემოედგათ ერთგან, რესტავრაციას უკეთებდნენ გადასასვლელებს, უცებ, მომცრო ტანის ძალიან საყვარელი გარეგნობის, სახემოვლილი და ტუჩსაცხშეფერებული კოპცია მოხუცი ქალბატონი შევამჩნიე, ახლოს მივედი, რომ ხელი შემეშველებინა, მან ჭკვიანი თვალებით შემომხედა და მადლობა გადამიხადა ინგლისურად. ძალიან ბედნიერი სახე ჰქონდა, იმდენად ბედნიერი, რომ ვკითხე: - მოგწონთ?
    - ,, ჩემი ცხოვრების ოცნება ამისრულდა! 100 წლის გავხდი და ახლა მეღირსა ამ დიდებულების ნახვა!...“ ცრემლი ჩამოეპარა ლამაზ სახეზე, აღმოსავლურ იდუმალებასა და კდემამოსილებას, კიდევ უფრო ამშვენებდა წყლისფერი კრისტალი, ლოყაზე ნება -ნებად რომ ჩამოსრიალდა... გაირინდა იაპონელი ქალბატონი...
    ჩემს ახირებას, თუ სურვილს დავუბრუნდი...ვინ იფიქრებდა?! ვინ დამიჯერებს, რომ იმ უცნობი გოგონას შეხედვა მომინდა, ჩემი წიგნის ჩუქება და იმის მოსმენა, სად გააგრძელა სწავლა და თუ იპოვა ცხოვრების იკიგაი?
    სარკეები ალაპარაკდნენ, მაგრამ მე ვერაფერს ვგებულობდი... იაიოი გამოჩნდა ბადრიჯნისფრად შეღებილი თმებით, ვერშესაცნობი დაბნეულობით, მძინარე ბავშვის მსგავსი ოდნავი ღიმილით და ისევ კოპლები... ბურთები... გოგრები... შავი, თეთრად დაწინწკლული ცხენებით... დაუჯერებელია! ერთ ცხენზე მე ვიჯექი, თეთრი კაბა და მზისფერი კოპლები, ცელქად და უწესრიგოდ მოძრაობდნენ... და ისევ ბევრი - ,, მე ‘’...
    კუხალას ამასწინდელი გაკვირვება და კითხვადქცევა გამახსენდა:
    ,,რა ვქნა ?! ბევრი ხარ და შეუსწავლელი, ამიტომაც, არ სრულდება ბოლომდე, არცერთი შენი პორტრეტი!’’
    - რას დასრულდება ?! აი, სად გამოვქცეულვარ?! აი, სად გავბევრებულვარ! ჩემი წარმოსახვითი უსასრულობების კვეთა, ამ ჯადოსნურ სარკეებშია მიმოფანტული და ოდნავ დაბნეული და შიშდაკარგული ვარ!...
    აღარაფრის ძებნას არ ვაპირებ გარეთ! ყველაფერი ჩემშია!
    კუსამას მინდა ვთხოვო, იქნებ, გატეხილი ფაიფურის თოჯინები დახატოს! მე წერილებს დავწერ ბავშვობადაკარგული გოგონებისთვის, კიდევ, დედებს მონატრებული ბიჭებისთვის. თუ ისურვებს, ჩემს წერილებს, ფერად-ფერადი კოპლები მიახატოს, რომ ადრესატებმა გაიღიმონ და მერე ოდესმე ეს ღიმილებიც ისე გაბევრდეს, როგორც უსასრულობის სარკეში  ჩემი მრავალფეროვანი ხატება!
    ეს რა არის?! - სარკეში მატარებლის ვაგონი მოძრაობს...სად მივდივარ? რომელი ქვეყნის მთებია, რომელსაც ვხედავ? ან, მოწყენილი სახე რატომ მაქვს?

    სიმარტოვე!...ეს მშვენიერი სიმარტოვე, რომელიც ჩალის ქუდის ქვეშ, თავდახრილსა და ვითომ უჩინარსაც, არ მიგატოვებს! არაუშავს იმ ქვის სანახავადაც მარტო წავალ, მეცამეტე ქვა რომ არსაიდან ჩანს...მგონი, კიოტოშია...ერთი სიტყვაც არ ვიცი იაპონურად, რა უნდოდათ ადამიანებს, რას იამპარტავნეს ბაბილონის გოდოლის აგებისას?! ვერც ღმერთს მისწვდნენ და ერთმანეთთან სალაპარაკო ენაც გაბევრდა!

    სახე! ჩემი სახე! თითები! ღიმილი! თვალები! როგორმე შევძლებ გზის გაკვლევას! სულ ვამბობ! მიკვირს! ყველა რომ გზას ეძებს..ჩემნაირი ძილმოხეტიალე მესტრიქონეც, განდეგილობას შეხიზნული ბერიც, კეთილგონიერი მეცნიერიცა და პატარა უფლისწულიც...

    ჩემი გზა, ხშრად, მუსიკის რვეულის ხუთხაზოვან ბილიკებს ჰგავს,ხან რომელ ხაზზე ავდივარ, ხან დაბლა ჩამოვდივარ და პირველ ხაზს ისე ვეკიდები, როგორც დედოფალთან ალერსს შეჩვეული ვერცხლის საყურე, პარიზული ორნამენტებითა და ჰაერში ასურნელებული პაწია სიყვარულით...ჩემი გზა...ვიოლინოსა და ბანის გასაღებს შორის შეერთება-შეფერების მისტიური რიტუალი!...

ეს ღამე!...სარკეების წრეში მოქცეული ჩიტბეღურასავით, ჭიკჭიკი მომინდა! ამბობენ, ჩიტების ჭიკჭიკი გალობა კი არ არის, არამედ სამყაროში საკუთარი ადგილის დამკვიდრების მცდელობაა და ხმის გაწვდენა, რომ საკუთრივ მოხაზული არეალი არავინ დაურღვიოს, არ წაართვას, არ მიითვისოს!

    ეს რა სინათლეა?! კარები გაიღო...შორეთიდან უსპეტაკესი სინათლე შემოკრთა,ძალიან შორს, ყრმით ხელში, მოჩანს მეწამულისფერ კაბაში გამოკვართული უსხეულო სხეული, დაუტევნელის დამტეველი და ჩემი ერის მემკვიდრეობითი ნუგეში...ღრუბლისებრ სავალზე თეთრი ვარდები დაბნეულან და მიმოფანტულან... არეკლე სარკევ! დედამიწის ყველაზე სპეტაკი ქალი და დედა არეკლე! გადაამრავლე ეს სისპეტაკე ყველა ქვეყანასა და ყველა პლანეტაზე! სასროლეთი ამოლუქე სარკევ!

   ვიღლები...სხეული, სისხლის ხმაურსა და მოძრაობას, ერთიანი გარინდებით გრძნობს. რაღაც მაგდებს სარკეების ოთახიდან...

    ტიტრებივით, ბევრჯერ ჩნდება წარწერა -ჰოკაიდო...

    ის გოგო! ის უნდა ვიპოვო! საკუთარმა ხმამ გამომაღვიძა...თვალები გაუბედავი სიფრთხილით გავახილე და მომეჩვენა, რომ იატაკი დაკოპლილი იყო, თითქოს, მართლა გაიარა კუსამამ...

    წამოვდექი, ფეხშიშველი მივედი სარკესთან, ვენერას თავი დაეხარა და თითქოს ისე მიკვირდებოდა... თეთრ მაგიდაზე სავარცხელი, ალმასებიანი ბეჭედი და „ვეფხისტყაოსანი’’ იდო...

    მაინც ვაჩუქებ! -საკუთარ თავს პირობა მივეცი ხმამაღლა და საწოლში დავბრუნდი.
    სარკმლიდან გაპარულ მთვარეს, უიშვიათესად ლურჯსა და მისტიურს, საკურას ყვავილებით დაფიფქული ღრუბელი ადევნებოდა და საალერსოდ ბგერდებოდა ალუბლების სიფრიფანობით ატეხილი ღუნღულა ქაფქულა... ცის სიღრმეში ჩემი სახელის პირველი ასოს ინიციალი, წვრილი ვარსკვლავებით აწყობილი, საიმედოდ, შუქ-სინათლით კიაფობდა... ჩიტების აჭიკჭიკებამდე, ვიღაცის გამოგონილი დრო დარჩენილიყო...
    ჩემს ეზოში, ჰამაკიც არ მოძრაობდა... ხავერდის შავ ბალიშზე, უცნობს, ოქროსფერი მულინის ძაფით ამოექარგა - ი ა პ ო ნ ი ა ...
    დედამიწაზე დავბრუნდი! სასიზმრეთის კარი გამოვიხურე იმის იმედით, რომ ოდესმე, სხვა დროსა და სივრცეში, აუცილებლად  გავაგრძელებდი გზას შორეული აღმოსავლეთისკენ, მზისა და ნიჭიერების შესახვედრად... არ მკითხოთ - რატომ?! რადგან, ერთადერთი პასუხი, რაც მაქვს, არის - იმიტომ! შემოღამებიდან შემოღამებამდე და სარკეებთან შეხვედრამდე, დაგემშვიდობებით.
    უშორესი სიწმინდით ბრწყინავს საქალღმერთე ფუძიამა, საპატარძლო ფატასავით შვენის თოვლის სისპეტაკე და ვიდრე ძინავს, ტბათა ლივლივა სარკეები ჩემს სარკეებშიც იჭრებიან, უცნაურ გზაკვეთას, თუ შეხებას მონატრებულნი. მთის ძირში, სილამაზითა და სიმშვიდით შემკული გეიშა, ალუბლის მიმოფანტულ ყვავილებს, კიმანოს მოხატულ კალთაში იგროვებს და იდუმალი ღიმილით მიყურებს, თითქოს არსაიდან!...
    მზე მშვიდობისა!
    სიწმინდის მთამდე გამიყოლე ოდესმე, სიზმარეთო, მანამდე კი, მინდა მოგანდო, რომ...
                  ის არის,  ის არის დარბაზში სულ მარტო!
                  ფილმები ცხოვრების გაკვეთილს აწვდიან...
                  იესოს ბატკანი ნიკალამ დახატოს
                  და მერე, მურაკამს სიზმრიდან გავიყვან!
                                                                             
კომენტარი: ,,კუხალა,, -
XX – XXI - საუკუნეების ცნობილი ქართველი მხატვარი: ჯემალ კუხალაშვილი.

        ჩემს საავტორო სტრიქონში ნახსენებია ,,ნიკალა“ –
XX საუკუნის ცნობილი ქართველი მხატვარი: ნიკო ფიროსმანაშვილი, იგივე - ფიროსმანი.

ბიბლიოგრაფია: 

ნ.თარიშვლი. უსათაურო ლექსი.

რუსთაველი, შ. ვეფხისტყაოსანი. 

 

გამარჯვებული დაჯილდოვდა სასტუმროში, Wyndham Grand Tbilisi, ინჰუას აკადემიის ახალი სემესტრის გახსნის ცერემონიაზე და საჩუქრად გადაეცა იაპონური ენის კურსი იაპონელ პედაგოგთან.