ქორწინება ადამიანების ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. ამ დღეს განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს და უთმობს ჩინელი ხალხიც.
ქორწინებისთვის მზადება დიდი ხნით ადრე იწყება. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ რეგიონში, მაგალითად, ჰონგკონგში, შეიძლება ეს პროცესი 1-2 წელსაც კი გაგრძელდეს, თუმცა, ეს დამოკიდებულია ქორწილის მასშტაბზე და თარიღზე. ჩინელები ქორწილის თარიღს დიდ მნიშვნელობას აქცევენ, ამიტომ, მრავალი წყვილი ერთსა და იმავე „იღბლიან დღეს“ ირჩევს, შესაბამისად, ამ შემთხვევაში, საქორწინო დარბაზების, ცერემონიისთვის საჭირო ადგილებისა და ადამიანების რესურსი კიდევ უფრო იზღუდება.
აღსანიშნავია, რომ ქორწინების წინა დღეს მომავალი მეუღლეები ერთმანეთისგან განცალკევებით, საკუთარ სახლებში ატარებენ. საღამოს ორივეს სახლში ინთება სანთლები და ტარდება მათი „განწმენდის“ და ქორწინებისთვის მომზადების ცერემონია. ოჯახის ერთ-ერთი წევრი მათ ვარცხნის თმას და სიტყვიერად ამზადებს ქორწინებისთვის. ასევე, ეუბნება, რომ იგი უკვე ზრდასრულია, დიდ გადაწყვეტილებას იღებს და უსურვებს, რომ ამ გრძელ გზაზე მუდამ წარმატებით იაროს საკუთარ მეუღლესთან ერთად. ამ დღეს საცოლეც და საქმროც წითელ პიჟამოს იცვამს და წითელი ფერის თეთრეულში იძინებს. წითელი ფერი ჩინელების რწმენით ავსულებს განდევნის.
ქორწილის დღეს, საქმრო თავისი მეჯვარეებით ადრიანად მიდის საცოლის სახლში. აქ მას კარებთან საცოლის მეჯვარეები ხვდებიან. „საცოლეს უნდა ნამდვილი გული, მის მეჯვარეებს – ნამდვილი ფული“, – ასე ეგებებიან საქმროს საცოლის მეჯვარეები. მამაკაცი თავისი მეჯვარეებთან ერთად მათ აძლევს „წითელ კონვერტებს“, სადაც ფული დევს. საცოლის მეჯვარეები ითვლიან ფულს და რაოდენობის მიხედვით განსაზღვრავენ, უნდა გადავიდნენ შემდეგ ეტაპზე, თუ ფულის დამატება მოითხოვონ.
შემდეგი ეტაპი თამაშებია. საქმროს საცოლის წაყვანის უფლების მისაღებად მრავალი დაბრკოლების გადალახვა უწევს. თანამედროვე ჩინეთში ეს თამაშები მოიცავს სიმღერებს, სასაცილო ცეკვებსს, ფიზიკური აქტივობების შესრულებას, უგემური საკვების მირთმევას ან სითხის დალევას და ა.შ. ეს ყველაფერი დამოკიდებულია მეჯვარეების ფანტაზიაზე. თუკი საქმრო, რომელიმე თამაშს თავს ვერ ართმევს, მისი მეჯვარეები ეხმარებიან მას. ამიტომ, სხვადასხვა კუთხით ძლიერი მეჯვარე საქმროს უპირატესობაა.
შემდეგ ეტაპზე საქმრო საცოლის ოთახის კართან მიდის და მას სიყვარულს უხსნის, მთელი ცხოვრების განმავლობაში მხარში დგომას ჰპირდება. როგორც წესი, საცოლე მამას გამოჰყავს და საქმროს აბარებს. ამის შემდეგ, საქმრო-საცოლე მშობლების წინ მუხლმოყრილი ჯდება და მათ ჩაის ასმევს. ბოლოს, მშობლები წყვილს ლოცავენ და საქორწინო ძვირფასეულობას გადასცემენ.
ამ ცერემონიის შემდეგ, საქმროს საცოლე თავის სახლში მიჰყავს და ახლა იქ ტარდება ჩაის სმის ცერემონია. ჩაი ჩინეთში ერთგვარ რიტუალურ დანიშნულებასაც ასრულებს, ჩაი არის მთავარი მონაწილე არაერთი ტრადიციული რიტუალისა. საქმროს მშობლებიც ლოცავენ წყვილს და ძვირფასეულობას გადასცემენ.
ბოლო ეტაპი ქორწილის წინ სტუმრებთან ერთად ვახშმობაა. დარბაზის შესასვლელში მეჯვარეები იღებენ სტუმრების წითელ კონვერტებს, შეგროვებულ თანხას ქორწილის ბოლოს წყვილს გადასცემენ. ვახშმის დაწყების წინ წყვილი ოფიციალურად ქორწინდება – ხელს აწერს. ვახშმის დროს კი, წყვილი თავიანთ ოჯახის წევრებთან ერთად რიგ-რიგობით ყველა მაგიდასთან მიდის, რათა ყველა სტუმართან ჰქონდეს კომუნიკაცია.